საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების facebook გვერდზე გავრცელდა.
ტყის ახალი სახანძრო მანქანები 13 ქალაქს - აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უახლოს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, რომლებიც შემდეგ ქალაქებს გადაეცემა: დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს.
მანქანების საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
"ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების აღკვეთა", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





