NGO-ები: კობახიძის განცხადება ჩვენს დისკრედიტაციას და დელეგიტიმაციას ემსახურება

არასამთავრობო ორგანიზაციები

"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და დისკრედიტაციას." - არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მმართველი პარტია ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას კრიტიკის ავტორებზე ცდილობს.

"ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა." - წერია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებლად მუშაობა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვა.

"გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავისმხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის." -წერია განცხადებაში. 

არასამტავრობოები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს:

- უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;

- გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

განცხადებას ხელს აწერს:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ გვარამიას განცხადებაზე მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირეს და არ გააკრიტიკეს ის. კობახიძის თქმით ვინც ფაშიზმს ხელს აფარებს, ის თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე და ასეთი ადამიანები არასამთავრობოებშიც არიან. 

რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან."

კომენტარები