საპატრულოს უფროსი: სარალიძის მხარდამჭერებს უფლება არ აქვთ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენონ

"ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ თქვა. 

ის ამბობს, რომ გუშინ საღამოს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის სამი პირი დააკავეს.

,,აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე . აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ. ‘’- ამბობს კუპატაძე.

პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ. რუსთაველის გამზირზე სიტუაცია გუშინ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს და 2 პირი დააკავეს. 

აქციაზე ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებით, NGO-ებმა განცხადება გაავრცელეს და მომხდარი პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეშ ჩარევად შეაფასეს

პარლამენტთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის შესაძლებლობა არც დღეს მისცეს.

კომენტარები