ციანიდის საქმე

პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალა, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია არ მისცა

ნეტგაზეთი

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა, თუმცა კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა.

,,გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების მოთხოვნით 9 აგვისტოს მიმართეს. მამლაძის ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც აპირებენ. მიხეილ რამიშვილის თქმით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები