სარალიძე: ყველანი სუბელიანის შნირები არიან, კობახიძის ჩათვლით

ტაბულა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მოქალაქეებისგან მხარდაჭერას ელიან. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ხელისუფლების გადადგომასა და დანაშავეების დასჯას ითხოვენ.

ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაცხადებას გამოეხმაურნენ. კობახიძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციებს ნაციონალური მოძრაობის აქცია უწოდა.

ზაზა სარალიძის თქმით, ოცნების დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანის მიერ არიან მართულები.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, სუბელიანის ინტერესებშია, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ და სუბელიანის დაკავებას იგი გათამაშბას უწოდებს და ამბობს რომ ამით მოახერხეს ხალხში ჩაექროთ მუხტი - "მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც პირდაპირ უნდათ მაქსიმალურად შესძინონ სისულელე ელფერი ამ აქციას. რას ჰქვია ნაციონალების აქცია და რას ჰქვია ოცნების აქცია. პირდაპირ მოვითხოვ, ოცნების დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, რომელ დღესაც უნდათ, მივალ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ათამაშებს ყველას თავის ჭკუაზე, რომ კალანდია არ მისცენ პასუხისგებაში. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში" - ამბობს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, მათ შორისა ზაზა სარალიძის შვილი, დავით სარალიძე.

კომენტარები