რუსეთი-სირია

რუსეთი სირიას S-300 ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის

ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი
Reuters

ბაშარ ალ-ასადის ოფისის მიხედვით ვლადიმირ პუტინმა ასადს უთხრა, რომ მოსკოვი სირიას S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას მიაწვდის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, სარაკეტო სისტემა სირიას ორ კვირაში გადაეცემა.

"უახლოეს ორ კვირაში სირიის სამხედრო ძალებს თანამედროვე S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცემა." შოიგუს თქმით ეს სირიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს საგრძნობლად გაზრდის და ამასთანავე სირიის საზენიტო დანადგარებს რუსული რადარებითაც აღჭურვავენ, რათა რუსული თვითმფრინავების ამოცნობა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სირიის სარაკეტო სისტემამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა. მათი თქმით ისრაელის "უპასუხისმგებლო ქმედებების გამო" მათმა პილოტებმა თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის გზაზე "გამიზნული პროვოკაციის" მიზნით მოაქციეს.

ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ მომხდარის საპასუხოდ საკუთარი სამხედრო ძალების უსაფრთხოების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

რუსულ მედიაში მიმდინარე წლის აპრილში დაიწერა, რომ რუსეთი სირიისათვის S-300 ტიპის სარაკეტო სისტემის მიყიდვას აპირებდა, თუმცა მაისში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ამ განზრახვაზე უარი თქვა.

კომენტარები