მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე იაკობი: ხელისუფლება ერის მხარეს დადგა

მეუფე იაკობი
ipn.ge

მეუფე იაკობმა ტვ პირველთან მარიხუანის ექსპორტის შესახებ კანონპროექტსა და მასთან დაკავშირებით ვნებათაღელვაზე ისაუბრა. 

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, ხელისუფლება ერის მხარეს დადგა და ის ამას ძალიან აფასებს. 

"არც ზეწოლა ყოფილა და არც შიში. როცა ჩვენ გვითხრეს, რომ მაგ საკითხს ჯერ გააჩერებდნენ და ალბათ მომავალში ვნახავთ, რომ გამოიწვევენ კიდევაც მაგ იმას [მარიხუანის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტს]. ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება, რომ რაღაცა ვილაპარაკო. 

ხშირად მეკითხებიან, ბრძოლაში გაიმარჯვეთო? მაგრამ ეს არ ყოფილა ბრძოლა. ძალიან ძნელია, იყო ხელისუფლებაში, ბერკეტები გქონდეს, სადავეები გქონდეს, შეგეძლოს, რომ ბოლო-ბოლოშეიკრიბები და მიიღებ კანონს, მაგრამ დადგნენ იქ, სადაც ერი იდგა. მე ამას ვაფასებ. შეცდომებზე ბრძანა ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ამას ვაშენებთ, მაგრამ ჩვენ შინაგანად მართლები ვართ, კარგის გაკეთება გვინდოდაო", - თქვა მეუფე იაკობმა. 

საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მარიხუანის საექსპორტო პოტენციალს სწავლობდა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე უნდა გასულიყო. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირების ნაწილი შეეწინააღმდეგა. ისინი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, სადაც სწორედ შსს-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილებოდა. 

ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა მეუფე იაკობიც, რომელმაც თქვა, რომ მთავრობა "ნარკოკარტელებს გააკეთებს და ეგ იქნება", ასევე, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ "2012-ში ვერ იფიქრებდა, რომ ასე საუბარი მოუწევდა და რომ ამ ადამიანებს [მმართველ გუნდს] ვეღარ ცნობს". 

მალევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მარიხუანის ექსპორტის შესახებ ინიციატივა შეჩერდა, საჭიროების შემთხვევაში კი მას პარლამენტიდან საერთოდ გაიწვევენ. 

კომენტარები