დროებითი საპარლამენტო კომისია

ოხანაშვილი: ევროპულმა საქართველომ შემოგვთავაზა პარტიული და არაკომპეტენტური დასკვნა

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ევროპულმა საქართველომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პარტიული და არაკომპეტენტური დასკვნა შეიმუშავა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილეს, მმართველი გუნდის წევრებმა ის გააკრიტიკეს და თქვეს, რომ კომისიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არსებით ხარვეზებს ვერ მიაგნო. 

ოხანაშვილმა ქართული ოცნების მიერ მომზადებულ დასკვნაზეც ისაუბრა, რომელიც, კომისიის საბოლოო დასკვნას არ ეთანხმება. 

"ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაისვა საკითხი ჩვენ მიერ საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, რაც მთავარია, არ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა რაიმე პოლიტიკური მოტივით ამ საქმეში ჩარევას - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება და ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც კომისიამ დადგენილად არ მიიჩნია.

ჩვენ გამოვკვეთეთ, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა მ.კ.-სთან მიმართებაში იმუშაონ ინტენსიურად და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. მეორე - ჩვენ რეკომენდაცია შევიმუშავეთ სუბელიანთან დაკავშირებით მის მიერ კომისიისთვის მიცემული ჩვენების შესწავლის საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ მისცა მან ცრუ ჩვენება კომისიას და შესაბამისად გავცემთ რეკომენდაციას, რომ დაინტერესედეს გამოძიება ამ საკითხით. ასევე, ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება გ.მ-ს დაჭრის ცალკე საქმის გამოყოფას. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც ეხება იმას რომ, როგორც შსს-მ, ასევე პროკურატურამ უნდა უზრუნველყონ საკუთარ უწყებებში სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, რათა გამოიკვეთოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 

10 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დღეის მდგომარეობით, მათ შორის მირზა სუბელიანი. ასევე მისი ნათესავები, მ.კ სისხლის სამართლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მისი მამა არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათი მეზობლები არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული". 

მისივე თქმით, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი პოლიტიკურად მოტივირებული და არაკომპეტენტურია შემდეგი მიზეზების გამო: 

"მათ ატეხეს აჟიოტაჟი და გააკეთეს ნაადრევი დასკვნები, რომ თურმე, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ეს უკვე არის ჭეშმარიტება. საქართველოში არსებობს სამ-ინსტანციურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს საქმე იხილება სააპელაციო სასამართლოში, ე.ი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში ჭეშმარიტება და მათ მათდა უნებლიეთ წამოსცდათ, რომ საქართველში ფიქსირდება, რომ ძალიან ხშირად პროკურატურის და სასამართლოს ვერსია ერთმანეთს არ ემთხვევა. 

ამ ბატონებმა აქციეს კომისია სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოდ. მათ სურდათ პროკურატურის ფუნქციების შეთავსება და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურმე კომისიას აქვს უფლება, გასცეს დევნის შესახებ განკარგულებები და მითითებები. თქვენ დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და გაიძახოდით იმას, რომ თურმე ყოფილა მ.კ მკვლელი, თუმცა, ვერ წარმოადგინეთ ვერც ერთი მტკიცებულება მისი მკვლელობაში დამადასტურებელი გარემოების შესახებ. თქვენ ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. თქვენ არც ერთხელ თქვენს გამოსვლაში არ გიხსენებიათ ის, რომ გ.ჯ არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული. 

ამ ბატონებმა დასკვნაში არ ჩაწერეს ის, რომ მთავარი პროკურორი გადადგა, ქრონოლოგიაში არ ჩაწერეს, იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, რომ მთავარმა პროკურორმა აიღო მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადადგა. 

თუმცა, მათ შემოგვთავაზეს მერაბიშვილის ქეისი, რომელიც თურმე საინტერესოა ამ საქმისთვის. ამბობენ, რომ არსებობს ეჭვი, რომ მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება შოთაძე და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ ეს ბატონები უაპელაციოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე. შესაბამისად, როგორი პოლიტიკური ელფერი აქვს ამ ყველაფერს, ხედავთ. ნუ აღელდებით, ეს არის ის დამღა, რომელიც თქვენ დაასვით ამ დოკუმენტს. 

გახარიას პასუხისმგებლობას ითხოვენ ეს ბატონები, იმის გამო, რომ მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თურმე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს, როცა წინა თვეში 500 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაახლოებით. 

წულუკიანთან პირადი პაექრობა გადააყოლეს ამ დოკუმენტს და ასეთი ვიწრო-პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელს", - თქვა ოხანაშვილმა.

 ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. კომისიამ დაკითხა 70-მდე მოწმე, მათ შორის თვითმხილველები, სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები, შსს-ის და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. შეისწავლა საქმის მასალებიც. ​

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას მხარს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ. NGO-ებმა რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს, რომლითაც მოითხოვეს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების  ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები". 

კომენტარები