დროებითი საპარლამენტო კომისია

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს

Mediamall.GE

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს. მათგან ორი ჩხუბში მონაწილეობდა, ორი კი არა. გარდა ამისა, დღესვე გამოიკითხება კიდევ ერთი პირი, თუმცა კომისიის წარმომადგენლები მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანი გამოძიებას არ გამოუკითხია.

"ბოლო გამოკითხვებია, რამდენიმე არასრულწლოვანი მოწმე არის გამოსაკითხი და ბოლო დეტალები, რომ სრული სურათი შეიკრას და ანალიზისთვის საბოლოო ინფორმაცია გვქონდეს. ამის შემდეგ უკვე დაიწყება უფრო თვისობრივი მუშაობა, იმ მასალების ანალიზი, რაც ჩვენ გვაქვს, საქმეში არსებული მასალების შედარება და საბოლოო დასკვნების გაკეთება. არ არის გამორიცხული, რომ გამოიკვეთოს საჭიროება დაზუსტებისთვის და კიდევ დაგვჭირდეს ვინმეს დაბარება, თუმცა ძირითადი სია, ვისი მოსმენაც გვქონდა დაგეგმილი, ამოწურულია", - ამბობს კომისიის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი.

ირაკლი აბესაძე იმედოვნებს, რომ დღეს გამოკითხული მოზარდებისგან კომისია მიიღებს ინფორმაციას, რომელიც საქმეში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.

"დღეს საგამოძიებო კომისია კიდევ გამოკითხავს რამდენიმე არასრულწლოვანს. მათ შორის ისეთებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩხუბში და ისეთებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ, თუმცა ჰქონდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარი გარემოებების შესახებ. ასევე, გამოიკითხება ერთი პიროვნება, რომელიც თავის დროზე გამოძიებას გამოკითხული არ ჰყავდა. სამწუხარო იყო გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ის აღიარებს მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას, თუმცა ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს დამდგარ შედეგთან. კერძოდ, იმას, რომ გვაქვს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა და უამრავი ბუნდოვანება დათო სარალიძის მკვლელობის ფაქტთან მიმართებაში. სწორედ ის, რომ თავის დროზე არ იყო გამოკითხული ყველა მნიშვნელოვანი მოწმე, მათ შორის არის ამის განმაპირობებელი მიზეზი. იმედი გვაქვს, რომ დღეს ამ არასრულწლოვნებისგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც გარკვეულწილად მოგვცემს შესაძლებლობას გავცეთ პასუხები ამ შეკითხვებს", - ამბობს აბესაძე.

ცნობილია, რომ ხვალ დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევლენ და საქმეზე დაკავებულ პირებს გამოკითხავენ. ამის შემდეგ კომისიამ რეკომენდაციები უნდა წარმოადგინოს.

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები. გუშინ, 3 აგვისტოს კი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოიკითხნენ.

ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები