მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩვენი NATO-ს წევრობით რეგიონი უფრო მდგრადი გახდება, ეს რუსეთის საუკეთესო ინტერესებშია

Fox News

საქარველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკულ ტელეარხ Fox News-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტმა მას კითხვები საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე, რუსეთზე, ოკუპაციასა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე დაუსვა. 

ტაბულა ინტერვიუს სრულად გთავაზობთ: 

ბრეთ ბაიერი: თქვენ შეხვედრები გაქვთ ვაშინგტონში, თანამდებობის პირებთან. საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს. რას იტყოდით აშშ-სთან ურთიერთობაზე ახლა, ამ ადმინისტრაციის პირობებში?

მამუკა ბახტაძე: დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო ქარიშხალი ფლორენსის შედეგად დაღუპულთა გამო. ამ ადმინისტრაციის პირობებში იზრდება აშშ-ს და საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით. ეს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. 

ბრეთ ბაიერი: თქვენ აშკარა პრობლემები გაქვთ რუსეთთან. რუსეთს თქვენი ქვეყნის ნაწილი აქვს ოკუპირებული. რა ნაწილია ოკუპირებული ახლა? 

მამუკა ბახტაძე: სამწუხაროდ, რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ეს კვლავ გრძელდება. გრძელდება მისი აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ბევრ ქართველს მოუწია თავისი სახლის დატოვება. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, სრულად მოწოდებულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს. 

ბრეთ ბაიერი: აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის და მისი ადმინისტრაცია არ არის საკმარისად მკაცრი რუსეთის მიმართ. თქვენი გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ადმინისტრაცია არის (საკმარისად მკაცრი)?

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ რეგიონული კონტექსტიც, იმიტომ რომ ტურბულენტობა იზრდება. მაგრამ, პირდაპირი ინტერაქცია რუსეთთან, ყველაზე მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელია, ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად პოზიტიური და ნაყოფიერი. 

ბრეთ ბაიერი: თქვენ თანამდებობაზე ახლად დანიშნული ხართ, თუმცა, გაქვთ ინფორმაცია, როგორ განიხილავდა საქართველოს აშშ-ის წინა ადმინისტრაცია და როგორ განიხილავს მას - ახლანდელი. ახლა შეგიძლიათ, ხალხს რამე პერსპექტივა მისცეთ? 

მამუკა ბახტაძე: ბოლო 2 წლის განმავლობაში, საერთო ძალისხმევით, ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიყვანეთ და ის ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც აქამდე ყოფილა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ინიციატივებს საქართველოსთან დაკავშირებით. 

ბრეთ ბაიერი: თქვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი NATO-ში გაწევრიანებაა. არ ჩანს, რომ ეს შესაძლებელია ახლანდელ ვითარებაში, როცა თქვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თქვენი აზრით, არის თუ არა გაწევრიანების რამე გზა? 

მამუკა ბახტაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელი ხაზია. ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილია. დიახ, ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებში არის ან არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა დიდი არ არის, ჯარზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ვხარჯავთ. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამოცდილია. ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ავღანეთსა და ერაყში. ამ საერთაშორისო მისიებში ჩვენ ყველაზე დიდი პერ-კაპიტა კონტრიბუტორები ვართ. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. 

ბრეთ ბაიერი: შეერთებულ შტატებში არიან ადამიანები, რომლებიც დარდობენ/წუხან ნატოს წესდების მე-5 მუხლის შესახებ და ამბობენ, რომ აშშ ჩათრეული იქნება მესამე მსოფლიო ომში, რუსეთის ქმედებების გამო. რას ეტყვით ადამიანებს, ვინც ამ შეშფოთებას გამოხატავენ? 

მამუკა ბახტაძე: თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს ჩვენს რეგიონს უფრო პროგნოზირებადს და მდგრადს გახდის, რაც რუსეთის საუკეთესო ინტერესებშია.

ბრეთ ბაიერი: თქვენ აქ რამდენიმე დღეს გაატარებთ, შეხვდებით თანამდებობის პირებს ვაშინგტონში, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრას დაესწრებით. თუ გაქვთ მესიჯი ამერიკელი ხალხისთვის თქვენი ქვეყნიდან და რა არის ის. 

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიყვანეთ უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ასევე გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა და გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი. საქართველო არის ჭიშკარი 8 ქვეყნისთვის - მათგან 2 სახელმწფო სამხრეთ კავკასიიდან და 5 - ცენტრალური აზიიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი მსოფლიოში. ჩვენ ვისურვებდით, მეტმა ამერიკულმა კომპანიამ აწარმოოს ბიზნესი საქართველოში. 

კომენტარები