"ამ დღეებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას",-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ თქვა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან მოლაპარაკება არ დაწყებულა. მარშანია ამბობს, რომ გუნდი გეგმავს დეპუტატ გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს ფრაქციაში გადასვლა.
„შეავსებს, შეავსებს - თუ არ შეივსება, არაუშავს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატეს და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით. შევთავაზებთ, ბატონ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული, რომ გავიმეორებთ მოწვევას ფრაქციაში და მემგონი თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, - ამბობს ადა მარშანია.
დეპუტატი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს. მისი თქმით, მიზეზებზე პარლამენტის 19 სექტემბრის სესიაზე ისაუბრებს. იმ შემთხვევაში, თუ მის ადგილს სხვა რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დაიშლება.





