საქართველოს საპატრიარქო

ილია II-ს ქადაგება კანაფზე სრულად - არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მთავრობაზე მეტად გვიყვარს სამშობლო

Bidzina Ivanishvili and Illia II. Kutaisi, 2012

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნარკომანიასა და კანაფის წარმოებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არანაკლებ შესტკივა გული და "არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი".

გარდა ამისა, ილია მეორემ თქვა, რომ "ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს", მაგრამ ნარკომანია იკურნება.

პატრიარქის აზრით, მხოლოდ ეკონომიკას არ უნდა ვუყუროთ და "რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს".

ტაბულა ილია მეორეს ქადაგებას სრულად გთავაზობთ:

"ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, იმედით და იმედია, რომ ეს განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის, ალბათ უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. 

ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას, ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა.

მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია. მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, ჩემ პატრიარქობამდე იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და მას ჰყავდა ორი შვილი. და ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს, ნური ერქვა, ნური, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ჰყიდის ამ ნივთებს იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა იმათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცათ თავისი შვილისთვის. მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება, რატომ აძლევ ნარკოტიკებსო. მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია. რომ არ მივცე ნარკოტიკი, შეიძლება უბედურება ჩაიდინოსო. და შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო, ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანო, საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო, ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს. 

მე ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს. მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება. იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი.

ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. 

ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქა და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას.

არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად მომავალი ექნება ქვეყანას. რას გვინდა ისეთი ეკონომიკა თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი.

ღმერთმა მოგცეთ მადლი, ღმერთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ თითქოს, ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვარს და არანაკლებად სტკივათ გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 სექტემბერს საპატრიარქოში სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ, მღვდელმსახურებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო პარაკლისი აღავლინეს და მთავრობას კონსტიტუციის შეცვლისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკაში ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კანაფის ექსპორტი საქართველოს მილიარდი ლარს მოუტანს. გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა.

"ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი. 

კომენტარები