ქალთა მიმართ ძალადობა

კაცი, რომელიც ქალს 10 წელია ემუქრება და აშანტაჟებს, კვლავ დაუსჯელია

25 წლის ქალი ამბობს, რომ 10 წელია ფსიქოლოგიური ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლია.

15 წლის იყო, როცა მობილურ ტელეფონზე უცნობი მამაკაცისგან მესიჯი მიიღო, რომელსაც უპასუხა და ამის შემდეგ ის მუდმივად აშანტაჟებს. ითხოვს, რომ მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტოს და ცოლადაც გაჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

25 წლის ქალი ყვება, რომ ამის გამო ქვეყნიდან წასვლაც მოუწია, თუმცა მუქარა არ შეწყვეტილა. თამუნას (სახელი შეცვლილია) თქმით, მისმა ოჯახმა ამის შესახებ გვიან გაიგო და პოლიციასაც მიმართა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ არის.

"15 წლის ვიყავი, როცა მობილურზე შეტყობინება მოვიდა და ვუპასუხე. ცოტა ხანში მივხვდი, რომ საქმე მოძალადესთან მქონდა და აღარ ვეკონტაქტებოდი. პირველ პერიოდში მემუქრებოდა, რომ თუ არ ვუპასუხებდი, ჩემი ოჯახის წევრებს დაურეკავდა. იმ ასაკში ესეც საკმარისი იყო, რომ შემშინებოდა. წლებთან ერთად მუქარაც იზრდებოდა. ჩავთვალე, რომ დაგვიანებული იყო, ვერ შევძელი მშობლებთან მეღიარებინა, რომ ამ ადამიანთან მიმოწერა მქონდა. ბევრს შეიძლება ეს სასაცილოდ მოეჩვენოს და მეც მიკვირს ხოლმე, რომ ვერ შევძელი ოჯახის წევრებს დავლაპარაკებოდი, თუმცა მაშინ ასე ნამდვილად არ ვფიქრობდი", - გვიყვება თამუნა.

მას შემდეგ, რაც სწავლის გასაგრძელებლად რეგიონიდან თბილისში ჩამოვიდა, მუქარის ავტორს შეხვედრაზე დათანხმდა, რადგან ფიქრობდა, რომ ასე უკეთესად აუხსნიდა და კონტაქტსაც გაწყვეტდა. თუმცა, პირიქით მოხდა. მამაკაცი ეუნებოდა იმასაც, რომ ფულით ყველაფრის მოგვარებას შეძლებდა.

"შეხვედრა გადავწყვიტე იმ იმედით, რომ ამ მიმოწერას მშვიდად მოვრჩებოდით. თუმცა პირიქით მოხდა, ტელეფონი ამომაცალა ჯიბიდან, რის შედეგადაც ჩემი მეგობრების, ახლობლების, ნათესავების ნომრები ჩაუვარდა ხელში. რეკავდა ყველასთან ან ისეთ საშინელებებს სწერდა, მიკვირს, საიდან უჩნდებოდა ეს აზრები. მერე მემუქრებოდა, რომ თუ არ დაველაპარაკებოდი, ისევ დაურეკავდა ყველას, ჩემს ოჯახს გაუსწორდებოდა ან ჩემს ძმას დაუშავებდა რაღაცას. უმცროსი ძმა მყავს და ყველამ იცის, რომ ძალინ მიყვარს, მანაც მიპოვა სუსტი წერტილი", - ამბობს თამუნა.

ის იხსენებს, რომ მუქარის ავტორი მის ნაცნობებს მასზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა, ეუბნებოდა, რომ აქვთ სექსუალური ურთიერთობა.

"სხვადასხვა სახის შეტყობინებები იყო, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც იმას სწერდა სხვებს, რომ ბოზი ვარ. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი აღიარება, რომ ვინმე დამხმარებოდა. ყველგან წასვლის მეშინოდა, სულ შიშით რომ ცხოვრობ, როგორ შეიძლება კარგად იყო? იმხელა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა ჩემზე, რომ მართლა მეგონა, რაღაც საშინელება და დანაშაული ჩავიდინე", - ამბობს თამუნა.

მუქარის ავტორმა ჯერ გაიგო სად სწავლობდა თამუნა, შემდეგ კი სამუშაო ადგილიც. შედეგად, მას სამსახურის მიტოვება და საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა მოუწია. ამბობს, რომ ეგონა ამ გზით კაცს ჩამოიშორებდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა - მუქარა გაგრძელდა. გარდა ამისა, კაცმა მისი სახელით ფეისბუქის ანგარიში გააკეთა და თამუნას ნაცნობებსა თუ უცნობებს სექსუალური ტიპის შეტყობინებებს უგზავნის, იყენებს მის ფოტოებს და ა.შ.

"10-წლიანი ტანჯვის შემდეგ საზღვარგარეთ წავედი და კვლავ მემუქრება, მწერს, რომ ისე გამამწარებს, ჩემი ფეხით ჩამოვალ საქართველოში. 7 თვის წინ შექმნა ფეისბუქ ანგარიში ჩემი სახელით, აბსოლუტურად იდენტური სახელით და გვარით, ფოტოებით. ეკონტაქტება ვიღაცებს, სთავაზობს სქესობრივ კავშირს და ისეთ სტატუსებს წერს, რომ ძალიან მრცხვენია. 500 მეგობარი ჰყავს, ყოველ დღე ვწერდი ხალხს, რომ ეს მე არ ვარ", - ამბობს თამუნა.

რამდენიმე თვის წინ მშობლებს უთხრა, რომ ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მათ პოლიციას მიმართეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია - მამაკაცი თამუნას კვლავ უკავშირდება და ემუქრება. რამდენიმე დღის წინ კი უთხრა, რომ საქმე არ გაერთულებინა და მშვიდად მოეგვარებინათ. თამუნა ფიქრობს, რომ მან პოლიციის ჩართვის შესახებ გაიგო და რეაქციაც ამას მოჰყვა.

მამაკაცისგან საფრთხეს კვლავ გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი სასურველი ინფორმაცია.

ტაბულა ესაუბრა თამუნას დედასაც. ლიკა (სახელი შეცვლილია) გვიყვება, რომ მამაკაცთან დაკავშირება და საქმის ვითარების გარკვევა მისმა ნათესავებმაც სცადეს, თუმცა ის შეხვედრაზე არ მიდიოდა. ის ამბობს, რომ მუქარების ავტორი ამ დრომდე არ არის დასჯილი და უკვირს, რატომ არ არის შესაბამისი რეაგირება მაშინაც კი, როცა სულ ახლახანს ინტერნეტში მუქარის გამო მოზარდმა თავი მოიკლა.

ლიკას თქმით, მამაკაცის ხმას ცნობს კიდეც და მისი ზარების გამო მოუწიათ ნომრების შეცვლა, დაბლოკვა.

"როგორც ჩანს, თამუნა ცდილობდა არ გვენერვიულა და არ გვეუბნებოდა არაფერს. საზღვარგარეთ რომ წავიდა, მალევე დაბრუნებაზე ლაპარაკი დაიწყო და მივხვდი, რომ ჩვენ ვინც გვირეკავდა, ის მასაც ემუქრებოდა მერე გამომიტყდა, რომ ეუბნებოდა ოჯახს ამოგიწყვიტავ, შენს ძმას სისხლის გუბეში ვაბანავებ და თვითონ გამოიქცევი მაქედანო. ადრე უთქვამს, შენ ყელს გამოგჭრი და მორგში იქნები, მე პოლიციაშიო. ბავშვური ჭკუით ერთხელ მიწერილზე პასუხი გასცა და იმის მერე ვეღარ მოიშორა. ვინ არის ამისთანა? გაგვანადგურა მორალურად", - გვიყვება ის.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. შსს-ში არ პასუხობენ კითხვას, მიმართვიდან თითქმის 3 თვის შემდეგ, გამოკითხულია თუ არა მუქარის ავტორი. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ის იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები