ქალთა მიმართ ძალადობა

UNWOMEN: საქართველოში, ყოველ მე-2 ქალს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

unwomen

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 15-69 წლის ასაკის ქალების 50.1 პროცენტს, ანუ ყოველ მე-2 ქალს, ცხოვრების მანძილზე გამოუცდია ძალადობის შვიდი ფორმიდან ერთი მაინც. 

კვლევის მიგნებები შემდეგია:

ქალების 8.5 პროცენტს გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში, ხოლო 19.7 პროცენტს გამოუცდია ფიზიკური ან/ და ემოციური ძალადობა ბავშვობაში (18 წლამდე ასაკში). 

ყოველ მე-4 ქალს (22.8%) გამოუცდია ძალადობა პარტნიორის მხრიდან, მათგან 85.3 პროცენტმა განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის ჩამდენი პირი იყო მათი ამჟამინდელი/ბოლო პარტნიორი, ხოლო 14.7 პროცენტის განცხადებით აღნიშნული პირი იყო მათი წინა მეუღლე/პარტნიორი. ამავე კვლევის მიხედით, ქალების 1.2 პროცენტს გამოუცდია ფიზიკური ძალადობა ორსულობისას.

ქალთა 3.5 პროცენტი გამხდარა პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო  ეკონომიკური ძალადობის დონემ შეადგინა 8.4 პროცენტი. პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის ყველაზე ხშირად გავრცელებული ქმედებები, რომელთაც კვლევის მიხედვით ქალები განიცდიდნენ იყო სამსახურის დაწყების, მუშაობის, ვაჭრობის, ფულის შოვნის ან შემოსავლის მომტან საქმიანობაში ჩართვის აკრძალვა (5.8 პროცენტი). 

საქართველოში იმ აზრს, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი ეთანხმება.  

ქალების  38.2%-ს ძალადობაზე არავისთან უსაუბრია, რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია, პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს. გაუპატიურების რეგისტრირებული შემთხვევებიდანაც, დიდი ნაწილი სასამართლოში არ განხილულა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს საქალაქო და სასოფლო დასახლებებში გამოიკითხა 15-69 წლის ქალები და კაცები. ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში გამოიკითხა 3,300 ქალი და 1,104 კაცი. თვისებრივმა კვლევამ 171 რესპონდენტი მოიცვა, ამაში შედის 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ.  

რაოდენობრივი გამოკვლევა საქსტატთან თანამშრომლობით წარიმართა, თვისებრივი კომპონენტი კი WeResearch-ის გუნდმა უზრუნველყო.

კომენტარები