განათლება

ბახტაძე: განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდება

საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე მთავრობა საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს, რომლის მიხედვით განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდება. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10 ან 11%-იანი წილი.

"ჩვენი ამოცანაა, განათლების რეფორმამ უზრუნველყოს საქართველოში ისეთი ადამიანური კაპიტალისა და ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს. 21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას", - თქვა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას.

პრემიერმინისტრის ინფორმაციითვე, ამ პროექტის განსახორციელებად მთავრობა რესურსების მობილიზებას იწყებს.

"ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა. ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრას ესწრება და  მინდა, მათ დიდი მადლობა გადავხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განათლების რეფორმა ხუთი მიმართულებით გატარდება ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას თქვა, რომ 2018-2023 წლების 5 წლიან ციკლში ის ძირითადი ბირთვი დაინერგება, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ევროპული განათლების სისტემასთან სინქრონიზაციაში მოიყვანს

პრემიერმინისტრის თქმით, განათლებაში არსებული დაბრკოლებების დასაძლევად მთავარი წინაპირობა არის განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება.

"ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე ამას გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, პრემიერმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში სკოლამდელი განათლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ის საერთო განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც ძალიან დიდი შედომაა.

"დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შედომაა და ამას აუცილებლად გამოვასწორებთ", - თქვა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში უმნიშვნელოვანესია და სკოლამდელ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან "განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე".

საქართველოს პრემიერმინისტრმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა დღეს წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციებია.

კომენტარები