ოკუპაცია

აშშ სირიას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის სანქციებს უწესებს

ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს შეხვდა
სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

აშშ სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობის აღიარების გამო შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტრო ავრცელებს.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, რაც, თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მიმართ ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს. მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ასევე მიმდინარე წელს - ნაურუს, ხოლო 2017 წელს ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

"მსგავსი ჩანაწერების გაკეთება აშშ-ს საკანონმდებლო აქტებში და მისი პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის მკაფიო გზავნილი მსოფლიო თანამეგობრობისადმი, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური ნორმის დაცვა, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი და მას პატივი უნდა სცეს ყველამ." - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხივნალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 29 მაისვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარება დაგმო და განაცხადა რომ საქართველომ სირიასთან ყველა სახის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

2018 წლის 23 ივლისს დამასკოში ანატოლი ბიბილოვი სირიის დიქტატორს ბაშარ ალ ასადს შეხვდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

 

კომენტარები