ფსიქოლოგია

რა გავლენა აქვს ელექტრონულ წიგნებს კითხვის კულტურაზე?

www.seattletimes.com

ალბათ შენიშნავდით, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენი კითხვის ჩვევები ძირეულად შეცვალა. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრულები უფრო ხშირად კითხულობენ სმარტფონების თუ ქინდლის გამოყენებით. ჰიპერლინკები ნებისმიერ ადამიანს ერთი წყაროდან სრულიად სხვა ტიპის ინფორმაციაზე მყისიერად გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. უფასო საგანმანათლებლო ონლაინ რესურსების რაოდენობა იზრდება, თუმცა ადამიანების უმეტესობა კითხვის პარალელურად ელექტრონულ ფოსტას ამოწმებს, სოციალური ქსელის ანგარიშს ადევნებს თვალს, ფოტოებს ათვალიერებს ან სხვა საქმიანობითაა გართული. ამ დროს ადამიანის ტვინი სრულიად სხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავებაში ერთვება და მისი ყურადღება იფანტება.

არაერთი ექსპერტის მტკიცებით, სწრაფი და ზედაპირული კითხვა ახალ ნორმად იქცა. ჩვენი ტვინი ახალ გარემოს მიეჩვია და ამის გამო გაცილებით ნაკლებ დროს უთმობს ტექსტის რთულ ასპექტებზე, პერსონაჟების ემოციებსა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ფიქრს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კითხვის და ენის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიანა ვულფის თანახმად, ნეირონული წრედები, რომლებიც ადამიანის კითხვის უნარზეა პასუხისმგებელი ციფრულმა რევოლუციამ რადიკალურად გარდაქმნა.

ეს ნეირონული წრედები დაახლოებით 6000 წლის წინ, უფრო მარტივი მექანიზმისგან წარმოიშვა, რომელიც თავდაპირველად გარემოდან მიღებული ზოგადი ინფორმაციის გაშიფვრაზე იყო პასუხისმგებელი და საბოლოოდ ადამიანებს სიღრმისეული კითხვის უნარი მოგვცა.

კითხვა, მეტყველებისგან და მხედველობისგან განსხვავებით, გენეტიკურად განსაზღვრული პროცესი არაა, იგი გარემოზეა დამოკიდებული. თუ გარემო უპირატესობას ანიჭებს მრავალამოცანიან რეჟიმში, დიდ მოცულობის ინფორმაციის სწრაფ ათვისებას, ისე როგორც ამას აკეთებს კითხვის თანამედროვე კულტურა, ჩვენი ნეირონული წრედებიც შესაბამისად იქცევიან.

ნორვეგიელმა ფსიქოლოგმა ანე მანგენმა და მისმა კოლეგებმა სკოლის მოსწავლეებში მასალის ათვისების სისწრაფე გამოიკვლიეს. მოსწავლეები, რომლებიც მხატვრულ ნაწარმოებებს დაბეჭდილ წიგნებში კითხულობდნენ, უფრო უკეთ იგებდნენ და ზუსტად გადმოსცემდნენ წაკითხულის შინაარსს, ვიდრე ისინი, ვინც იგივე წიგნებს Kindle-ში კითხულობდა. თუმცა, მსგავსი შედარებითი კვლევების გამეორება რთულია, ისინი სხვადასხვა გარემოში და განსხვავებულ პოპულაციებზე ტარდება, ახალი ტექნოლოგიის ყოველ მომდევნო თაობას განსხვავებული გავლენა აქვს კითხვის პროცესზე. გარდა ამისა, გააჩნია მკითხველსაც, ადამიანების ნაწილისთვის ელექტრონული ტექსტი უფრო კომფორტულია. ხშირად ექსპერიმენტის დროს  შეუძლებელია იმის დადგენა, ათვისების უნარზე თავად ელექტრონული ტექსტი ზემოქმედებს თუ უბრალოდ ადამიანის სუბიექტური განწყობები. ყოველი კვლევის საპირისპიროდ, რომელიც ელექტრონული წიგნების უარყოფით გავლენას შეეხება, იპოვით კვლევას, რომელიც მის უპირატესობებზე საუბრობს.

ელექტრონული ტექსტის კითხვის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეები ციფრულ ტექსტს სერიოზულად არ აღიქვამენ, PDF ფაილს ისინი ხშირად იგივე განწყობით კითხულობენ, რა განწყობითაც, ვთქვათ, სოციალურ ქსელს ათვალიერებენ.

ზედაპირული კითხვის კულტურა მხოლოდ ელექტრონულ წიგნებს არ შეეხება. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, პატრიცია გრინფილდის თანახმად, დღესდღეობით ადამიანები გაცილებით ნაკლებ დროს და ყურადღებას უთმობენ წაკითხულის გააზრებას და ტექსტის კრიტიკულ ანალიზს. ინგლისური ლიტერატურის მკვლევარი მარკ ედმუნდსონი კი ამტკიცებს, რომ სტუდენტების უმეტესობა თავს არიდებს კლასიკური ლიტერატურის კითხვას, რადგან მათ აღარ ჰყოფნით მოთმინება, რომ წაიკითხონ დიდი და რთული ტექსტები.

კითხვის უნარის ცვლილება შეუქცევადი არაა. მკვლევრების აზრით, თუ ტექსტზე კონცენტრაციაზე მეტს ვიფიქრებთ, შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას PDF ფაილების თუ ელექტრონული საკითხავი მოწყობილობების მიმართ, სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ტვინის გამომუშავება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩამოვიყალიბოთ უფრო სიღრმისეული აზრები, როგორც ციფრული ასევე დაბეჭდილი ტექსტის კითხვისას. მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსწავლეებისთვის ელექტრონული ტექსტის კითხვის სტრატეგიების სწავლება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წაკითხულის აღქმის სრულყოფილად აღქმის უნარს.

კომენტარები