მედიცინა

გლობალური კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მცირე რაოდენობაც მავნეა ჯანმრთელობისთვის

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული გლობალური კვლევის თანახმად არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა, დროგამოშვებით დალევაც მავნეა ჯანმრთელობისთვის.  

მკვლევრებმა ალკოჰოლის მოხმარება 195 ქვეყანაში, 1995-2016 წლებში შეისწავლეს. მათ გამოიყენეს 694 კვლევის მონაცემები ალკოჰოლის მოხმარების გავრცელების შესასწავლად, ხოლო 592 კვლევის მონაცემები მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების დასადგენად.

2016 წელს ალკოჰოლი 2.8 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ის ადრეული სიკვდილიანობის და შრომისუნარიანობის დაქვეითების წამყვანი რისკ-ფაქტორია და 15-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ნაადრევი სიკვდილიანობის 20 %-ზეა პასუხისმგებელი.

ეს შემთხვევები გულისხმობს ალკოჰოლთან დაკავშირებულ კიბოს, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ინფექციურ დაავადებებს, ძალადობას და თვითდაზიანებას, ისევე როგორც სატრანსპორტო უბედურ შემთხვევებს და ხანძრებს.

მათში, ვინც დღეში მხოლოდ ათ გრამ ალკოჰოლს მოიხმარს (პატარა ზომის ღვინის ჭიქა ან ლუდის ქილა), ალკოჰოლთან დაკავშირებული ჯანრმთელობის რისკები 0.5%-ით უფრო მაღალია, ვიდრე არამსმელებში. ვინც დღეში ორ ჭიქას სვამს, რისკები 7 %-ით უფრო მაღალია, ხოლო დღეში ხუთი ჭიქა სასმელის მიღების შემთხვევაში კი რისკები 37 %-ით იზრდება.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მცირე რაოდენობით სასმელი სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, თუმცა ეს ეფექტი უმნიშვნელოა და დაჩრდილულია იმ მრავალრიცხოვანი რისკების მიერ, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას ახლავს თან.

სამედიცინო რეკომენდაციების უმეტესობა ამბობს, რომ დღეში ერთი ან ორი ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამ მტკიცებას მხარს უჭერს სამედიცინო ორგანიზაციების უმეტესობა, ახალი კვლევის შედეგები კი საპირისპიროს მეტყველებს.

"ჩვენ შეჩვეულები ვართ იმის მოსმენას, რომ დღეში ერთ-ორ ჭიქას არაუშავს, მაგრამ მტკიცებულება მტკიცებულებაა. ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო დონე უბრალოდ არ არსებობს " - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ემანუელა გაკიდოუ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სტატისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რისკების საზოგადოებრივი აღქმის  პროფესორი დევიდ შპიგელჰალტერი მიიჩნევს, რომ ეს შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლისგან თავი სრულად  უნდა შევიკავოთ. მისი თქმით, ასევე არ არსებობს ავტომობილის ტარების უსაფრთხო დონე და ამის გამო სახელმწიფო არ გასცემს რეკომენდაციებს, რომ მოსახლეობამ ავტომობილის ტარებაზე უარი უნდა თქვას.

"თუ დაფიქრდებით, სიცოცხლის უსაფრთხო დონეც არ არსებობს, მაგრამ არავინ მოგიწოდებთ, რომ მისგან თავი შეიკავოთ" - უთხრა მან პრესას.

კომენტარები