"დადექი განათლების დასაცავად!" - კანცელარიასთან IBSU-ს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

"დადექი IBSU-ს გვერდით, დადექი განათლების დასაცავად!" - მთავრობის კანცელარიასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სიტყვით გამომსვლელების განცხადებით, გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს პირველკურსელების მიღება ერთი წლით აეკრძალა, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს. 

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი გუშინ გადაიხადა. ახლა უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ცენტრს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს 2019 წლამდე სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეუზღუდა. 

უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩოლოღლუს თქმით, ჯარიმა თავდაპირველად 1 მილიონ-ნახევარი ლარი იყო, თუმცა, სასამართლოში განხილვის შედეგად, მან 715 ათას ლარამდე დაიწია, აღნიშნული თანხა კი იმიტომ არ გადაიხადეს, რომ საქმე კვლავ სასამართლოშია. მან ასევე წარმოადგინა შემოსავლების სამსახურისგან 4 ივლისს მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ IBSU-ს ყადაღა უნდა მოეხსნას. 

ჩოლოღლუსვე თქმით, უნივერსიტეტის აქტივები 27 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, მას 715 000 ლარის გადახდა არ გაუჭირდებოდა და საფრთხე, რომ IBSU მას ვერ გადაიხდიდა, არ არსებობდა, თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრმა არც ერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა, რამაც უნივერსიტეტს განვითარების საფრთხე შეუქმნა. 

კომენტარები