მონოპოლია

მთავრობამ რკინიგზას და პორტებს ხორბლის იმპორტ-ექსპორტის მონოპოლია მიანიჭა

flickr.com

საქართველოს მთავრობამ ფინანსთა მინისტრის 21 და 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებებით შექმნა ახალი მონოპოლია. 15 აგვისტოდან, ბრძანებების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტი დასაშვები იქნება მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. შედეგად, ბაზრის იმ მოთამაშეებს, რომელთაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ან ექსპორტი სურთ, გაუქრებათ არჩევანის შესაძლებლობა მათთვის უფრო ხელსაყრელი გზით განახორციელონ ეს ოპერაცია.

ახალი რეგულაციის მიღების სავარაუდო მიზეზები:

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36%-ით , 74 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა. შემოსავლებთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადატვირთული პროდუქციის მთლიანი მოცულობაც და ის მხოლოდ 5 მილიონ ტონას შეადგენს. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია. 

სახელმწიფო კომპანიის ტვირთბრუნვის კლების მიუხედავად, კერძო ბიზნესის ტვირთბრუნვა მზარდია. 2018 წლის პირველ ნახევარში საავტომობილო კონტეინერებით საქართველოს ტერიტორიაზე 13 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. სახელმწიფო საკანონმდებლო ბარიერების აღმართვით, რკინიგზა სწორედ საავტომობილო გადამზიდავებს წაართმევს ტვირთებს. 

საქართველომ 2018 წლის პირველ ნახევარში $53 მილიონის ღირებულების 275 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მათ აღნიშნულ პერიოდში 260 ათასი ტონა ხორბალი გადაზიდეს, ეს ნიშნავს რომ რკინიგზა ისედაც ახორციელებს ხორბლის 90%-ზე მეტის ტრანსპორტირებას, ხოლო საავტომობილო გადამზიდავებზე კი დაახლოებით 10% მოდის. ცვლილებების შედეგად საავტომობილო გადამზიდავები აღნიშნული ბაზრის 10%-საც დაკარგავენ და მათ მაღალი ალბათობით სახელმწიფო კომპანია ჩაანაცვლებს. 

რეგულაციური ბარიერების აღმართვის შემდეგ, გადამზიდავებთან ერთად ბაზრის ის მოთამაშეებიც დაზარალდებიან, რომლებიც შედარებით მცირე მოცულობით ახორციელებენ იმპორტ/ექსპორტს და რომელთათვისაც შესაძლოა რკინიგზის ან პორტის მომსახურეობა ძვირი ან ლოგისტიკურად არახელსაყრელი იყოს. 

კომენტარები