ინდონეზია

ინდონეზიაში სადღესასწაულო მსვლელობისთვის ბავშვებს ჯიჰადისტების მსგავსად ჩააცვეს

theguardian.com

ინდონეზიაში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილე საბავშვო ბაღის მოსწავლეებს Isis-ის მიმდევრების მსგავსი შავი სამოსი ჩააცვეს და ხელში სათამაშო იარაღი დააჭერინეს.

ქალაქ პრობოლინგოში 18 აგვისტოს მსვლელობის ფოტო და ვიდეო კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც ბაღის დირექტორმა ბოდიში მოიხადა. მან თქვა, რომ დაწესებულებაში ბავშვებს ძალადობას არ ასწავლიან.

"ჩვენ წინასწარმეტყველის ბრძოლის თემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ალაჰისადმი რწმენა და ერთგულება გაგვეზარდა", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, დირექტორის ინფორმაციით, ამ მსვლელობისთვის გასული წლის რეკვიზიტები გამოიყენეს, რათა ფული დაეზოგათ. თუმცა, არ განმარტა, რატომ ეცვათ ბავშვებს მუსლიმი ექსტრემისტების მსგავსად გასულ წლებში.

მომხდარს ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერიც გამოეხმაურა და "უადგილო სანახაობა" უწოდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი ინდონეზიის სამხედრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მსვლელობა ერთ-ერთი უდიდესი ისლამური ქვეყნის, ინდონეზიის დამოუკიდებლობის დღის, 17 აგვისტოს მომდევნო დღეს გაიმართა.

მსვლელობის ფოტო და ვიდეო კადრები იმ პერიოდში გავრცელდა, როცა ინდონეზიაში რიგით მე-18 აზიური თამაშები გაიხსნა, რომელშიც 45 ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები