ვლადიმირ პუტინი

პუტინმა და მერკელმა დახურულ შეხვედრაზე სირიაზე, უკრაინასა და Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი
Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დახურულ შეხვედრაზე სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ნორდსტრიმის ახალი გაზსადენის საკითხი განიხილეს.

პუტინმა ევროპას მოუწოდა ჩაერთონ სირიის რეკონსტრუქციაში და მილიონობით მიგრანტის დაბრუნებაში:

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჰუმანიტარული ძალისხმევა სირიის კონფლიქტში. ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ ჰუმანიტარულ დახმარებას სირიელი ხალხისადმი და იმ რეგიონებისადმი, სადაც შესაძლებელია, რომ საზღვარგარეთ მყოფი მიგრანტები დაბრუნდნენ." თქვა მან შეხვედრამდე.

უკრაინაზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ "სამწუხაროდ, პროგრესი არ არის." მერკელმა სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის არარსებობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გაეროს მისიამ შესაძლოა შეძლოს სტაბილურობის მიღწევა რეგიონში.

ნორდსტრიმის ახალ გაზსადენთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ 2018 წელს ნორდსტრიმ 2-ის პროექტის დაწყების შემდეგაც უკრაინა არ უნდა გამოითიშოს გაზის ტრანზიტიდან:

"უკრაინამ, ჩემი აზრით, უნდა ითამაშოს როლი ევროპაში გაზის ტრანზიტში."

ამ საკითხზე პუტინმა თქვა:

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნორდსტრიმ 2 მხოლოდ ეკონომიკური პროექტია და არ ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტისათვის კარის დახურვას."

Nord Stream 2 უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ პუტინი მერკელთან შეხვედრამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლის ქორწილს ესწრებოდა. მან პატარძალთანაც იცეკვა და საქორწინო საჩუქრად სოფლის ცხოვრების ამსახველი ნახატი და სამოვარი აჩუქა.

ქორწილში მის მიპატიჟებას ავსტრიის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

კარინ კნეისლი და ვლადიმირ პუტინი
ფოტო: AFP

კომენტარები