ოკუპაცია

ზაქარეიშვილი: პოლიტიკა უნდა შევცვალოთ და აფხაზები და ოსები კონფლიქტის მხარედ ვაღიაროთ

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზებისა და ოსების კონფლიქტის მხარეებად აღიარებას მოითხოვს. ზაქარეიშვილის ბლოგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა. ზაქარეიშვილი წერს რომ "რა თქმა უნდა რუსეთს აქვს გავლენა აფხაზეთის და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, მაგრამ მათ თუ არ დაელაპარაკები კიდევ უფრო გააძლიერებ ამით რუსულ გავლენას."

"საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში უნდა აღადგინოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან. უნდა აღიაროს, სცნოს ისინი მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მხარეებად.

ასეთი კონტაქტები აუცილებელია რეგულარულად, ჟენევის ფირმატის გარეთაც. როგორც ცნობილია, ჟენევის ყოველი შეხვედრა რეალურად მიმდინარეობს ნახევარი დღის განმავლობაში და ამ ნახევარ დღეში განიხილება სამი კონფლიქტის საკითხები (საქართველო-რუსეთის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები).შეუძლებელია, სამ თვეში ერთხელ, ნახევარი დღის განმავლობაში განხილულ იქნას ყველა აქტუალური საკითხი.

რა თქმა უნდა, რუსეთი არსებით გავლენას ახდენს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებზე, მაგრამ მათ თუ არ დაელაპარაკები, ამით კიდევ უფრო აძლიერებ რუსეთის პოზიციებს. რუსეთს გავლენა აქვს სწორედ იმიტომ, რომ 2004 წლიდან, მაშინ, როცა ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკა კონფლიქტებზე,  ჩვენ მთლიანად გადავაბარეთ მას ეს გავლენები.

დღევანდელი მთავრობა კი სიჯიუტით იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგენილ ნარატივს, რომ კონფლიქტი გვაქვს მხოლოდ რუსეთთან და აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებს არც კი აღიქვამს სერიოზულად.

ახლა მთავარი ამოცანაა, რომ, მიუხედავად ბევრი რისკისა, მაინც არ უნდა გავუშვათ ხელიდან ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები, რამდენადაც გავლენა არ უნდა ჰქონდეს ამაზე რუსეთს,"- წერს ზაქარეიშვილი.

 

კომენტარები