თბილისის ზოოპარკი

სახლში გაზრდილი კაკაჩა, რომელსაც თბილისის ზოოპარკიდან წასვლა აღარ უნდა

თბილისის ზოოპარკი

სახლში გაზრდილი კაკაჩა თბილისის ზოოპარკიდან აღარ მიდის. ამის შესახებ ზოოპარკის facebook-ის გვერდის ადმინისტრატორი წერს.

"ზოოპარკში ერთი უცნაური ბინადარი გვყავს. კაკაჩა, რომელიც ხელით გაზარდა ვიღაცამ და რომ ვეღარ მოუარა, ჩვენ მოგვაბარა. ჟანგისფერი გოგოა და ჟანგო დავარქვით.

დამოუკიდებლად არსებობა რომ ესწავლა და ბუნებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი უნარები შეეძინა, ნელ-ნელა ჟანგოს გარეთ გამოშვება დავიწყეთ. იმის საფრთხე არ არსებობდა, სამეზობლოში წიწილები დაეწიოკებინა. არც თვალების ამოკორტნას დაუპირებდა ვინმეს - მშვიდი ფრინველია ძალიან. მოკლედ, გავუღეთ გალიის კარი და მივეცით ნება, იქ გაფრენილიყო, საითაც გული გაუწევდა. 

და რა ქნა? გაისეირნ-გამოისეირნა, თვალს წყალი დაალევინა და ბოლოს ისევ ზოოპარკში დასახლდა. არც არავინ აიძულებს, არც დაბმულია, არც გალია უშლის ხელს და არც ბადეები, მაგრამ არსადაც არ მიდის. აქაა მისი სახლი, სადაც დაცულად გრძნობს თავს, აქვე ეგულება მომვლელი ბექა, რომელიც ხორცს სთავაზობს, როცა შია. 

ახლა საქმროს ვურჩევთ. ერთ ბიჭს ვურიგებთ - წესიერი, პატიოსანი, კარგი ოჯახიშვილი კაკაჩაა. იმას ჯანგოს დავარქმევთ და თუ შეუყვარდათ ერთმანეთი, მშვენიერი წყვილი გვეყოლება - ჟანგო და ჯანგო. მერე დაქორწინდებიან და იქ იცხოვრებენ, სადაც გაუხარდებათ. მოუნდებათ - ზოოპარკში დარჩებიან. შორეთისკენ გაექცევათ თვალი და გავუშვებთ" - წერია ზოოპარკის facebook-ის გვერდზე.

კაკაჩა მტაცებელ ფრინველთა გვარს მიეკუთვნება. ცნობილია მისი 26-31 სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში.  საქართველოში ბინადრობს ჩვეულებრივი კაკაჩა. მისი ქვესახობებია ქარცი კაკაჩა, რომელიც მცირე კავკასიონზე ბუდობს და კავკასიური კაკაჩა, რომელიც მეტწილად კავკასიონზე გვხვდება.

კომენტარები