თბილისის ზოოპარკი

კიდევ ერთი ახალშობილი ჰამადრილი თბილისის ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკი

2014 წლის წყალდიდობის შემდეგ, თბილისის ზოოპარკში პირველი ჰამადრილები დაიბადნენ. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

"გუშინ რომ თავქარიანი ჰამადრილი გაგაცანით, ის გეგონათ, ხომ? ააარა, ბატონო. ეს მეორეა! დიახ, დიახ, ერთი კი არა, ორი პატარა გაგვიჩნდა. და კიდევ ერთხელ შეგიძლიათ, მოგვილოცოთ" - წერია თბილისის ზოოპარკის Fb-გვერდზე.

"გუშინდელ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერში. ძირითადად ყველა აღფრთოვანდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ერთნი ამბობდნენ, ქვაზე დახატულ ეშმაკს რად შეადარეთ, ეს როგორ აკადრეთო. არადა, გვეგონა, ვიხუმრეთ. რომ გვეთქვა, სილამაზის აპოთეოზი და ესთეტიკის მწვერვალიაო, ალბათ მერე იმაზე დაგვცინებდნენ, ყვავს თავის ბახალა ლამაზი ეგონაო. მეორენი შფოთავდნენ, მელოტი და გამხდარი რატომაა, ალბათ შიმშილით კლავთ და შიგადაშიგ ტყიპავთო (ეს ბოლო ჩვენ დავამატეთ). თითქოს, რას ამბობ, ადამიანიშვილები სულ წვერ-ულვაშითა და მაჯის სისხო ნაწნავებით ვევლინებით ქვეყანას. სად გინახავთ, ლომი ფაფრით იბადებოდეს და ვაშლის ხე ვაშლმოსხმული ამოდიოდეს? არა, ჰამადრილების ნაშიერები ხითხითები და მსუქნები არ არიან. დიახ, გაწლიკულები არიან და მეჩხერბეწვიანები.

მოკლედ, დამაბნეველი არსებები ვართ ეს ადამიანები. მაგრამ ეგ არაფერი. სულაც არ ვბრაზობთ.

მთავარია, რომ ჩვენი პატარები კარგად გრძნობენ თავს. ჯანმრთელები არიან და აქტიურები, რაც განსაკუთრებით გვახარებს - ესენი ხომ წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკში დაბადებული პირველი ჰამადრილები არიან". - წერია პოსტში.

კომენტარები