საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: გიორგი მამალაძე სინოდის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს

წმინდა სინოდი
wikipedia.org

პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადების შემდეგ, რომელმაც გიორგი მამალაძეს "ავაზაკი" უწოდა და პატრიარქის სიკვდილის მომზადებაში დაადანაშაულა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპარტრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი - დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად, ამის მიზანი კი ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაციაა"- ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო კვლავ ირწმუნება, რომ საქმის მასალებს არ იცნობს - "ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს".

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძეს მოუწევს პასუხის გაცემა წმიდა სინოდისთვის:

"ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თავად მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

კომენტარები