ბიბლიური თავისუფლება

ბიბლიური თავისუფლება: საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენს მოწმობებს არ შეეხება

2019 წლის, 1 იანვრიდან საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ საშუალება ექნებათ ალტერნატიულ ადგილას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოიხადონ სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში წვევამდელებს მღვდელმსახურის საბუთი ვეღარ დაიცავს, რასაც გირჩის მიერ დაფუძნებული "ბიბლიური თავისუფლება" გამოეხმაურა.

"ბიბლიური თავისუფლება არსებობს უკვე 1,5 წელია. ამ დროის განმავლობაში ჩვენს წინააღდეგ უამრავი ჭორი აგორდა, მაგრამ ჩვენ შევძელით და 8 000 ზე მეტი ადამიანი დავიხსენით სახელმწიფო მონობისაგან.

არც ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და ბიბლიური თავისუფლება კვლავაც გააგრძელებს სახელმწიფო მონობასთან ეფექტურ ბრძოლას", - წერია განცხადებაში. 

"გირჩის" წევრის ნიკა ობოლაძის თქმით, ალტერნატიული სამსახური ჯარში გაწვეულებს ეხებათ, მღვდლებს კი ჯარში ვერ იწვევენ.

"კანონმდებლობაში კვლავ რჩება ნორმა რომ მღვდელსმახურებს აქვთ უფლება გადაუვადდეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ამიტომ ბთს მღვდელმსახურები კვლავაც გამოიყენებებ კანონით მინიჭებულ პრივილეგიას. ალტერნატიული სამსახური ეხება ჯარში გაწვეულებს, მღვდლებს კი ჯარში ვერ იწვევენ", - თქვა ნიკა ობოლაძემ.

2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში სახელმწიფომ 5 914 წვევამდელი გამოიძახა, მათგან 4 406-მა სამხედრო სამსახურს თავი გირჩის მიერ დაფუძნებული ეკლესიით - "ბიბლიური თავისუფლებით" აარიდა. 

კომენტარები