ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართეს

ნეტგაზეთი

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართეს. ადვოკატებმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ჩააბარეს.

მამლაძის ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც აპირებენ. მიხეილ რამიშვილის თქმით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.

„ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარი არის და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თანდართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ღირსებით, თავისი წესიერებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი დანაშაულს აღიარებს, პირიქით ჩვენ არ ვაღიარებთ დანაშაულს.“ - თქვა რამიშვილმა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები