The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ჩინეთმა ფილმ "კრისტოფერ რობინის" ჩვენება დაბლოკა.
ფილმის გაშვებაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა მომხდარს პერსონაჟ ვინი პუჰის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან აკავშირებენ.
ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მოწინააღმდეგეები პრეზიდენტ სი ძინპინს ვინი პუჰს ადარებენ, რის გამოც პერსონაჟი წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლო გახდა.
გასულ ზაფხულს ჩინეთმა სოციალურ მედიაში ვინი პუჰის სურათების დაბლოკვა დაიწყო. ივნისში ჩინეთმა HBO-ს გადაცემის, "გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად" ეპიზოდიც დაბლოკა, სადაც ოლივერი სი ძინპინის საკითხისადმი სენსიტიურობაზე ხუმრობდა.
არაოფიციალურ მიზეზად ჩინეთში უცხოური ფილმებისათვის გამოყოფილი კვოტის ამოწურვა დასახელდა.
დისნეის "კრისტოფერ რობინი" ვინი პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავალს მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს იუან მაკგრეგორი ასრულებს.