პარლამენტის საგამოძიებო კომისია

შოთაძე: მირზა სუბელიანს ვურჩიე, არ გადამდგარიყო, მის ადგილას მე გადავდგებოდი

პარლამენტი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს შს მინისტრს, გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, გიგა ბოკერიამ კითხვები მირზა სუბელიანის შესახებ დასვა. 

ევროპული საქართველოს წევრმა შოთაძეს ჰკითხა, მისცა თუ არა მან დავალება თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს, დაეკითხა მირზა სუბელიანი, რაზეც შოთაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა. 

ასევე, ბოკერიას კითხვა მირზა სუბელიანის მიერ პროკურატურაში თანამდებობის დატოვებას ეხებოდა.

გიგა ბოკერია:  თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ 1-ლ დეკემბერს, 16:15-ზე მასთან შემოვიდა ზარი, ურეკავდა მირზა სუბელიანი, რომელმაც მას შეხვედრა სთხოვა. შეხვედრაზე სუბელიანმა უთხრა, რომ დაბნეული იყო და სთხოვდა ქალაქის პროკურორს, ერჩია, როგორ მოქცეულიყო. არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. შემდეგ შაყულაშვილმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენ. გვატყუებს თუ სიმართლეს ამბობს? 

ირაკლი შოთაძე: შაყულაშვილი სიმართლეს ამბობს. 

გიგა ბოკერია: ანუ თქვენ იცოდით, რომ ასე ყოყმანობდა იყო ბატონი სუბელიანი, ჭმუნავდა კაცი, მშობელია და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო და რჩევას სთხოვდა ქალაქის პროკურორს. პროკურატურის თანამშრომლისთვის აქ რა არის გასარკვევი, კანონის უზენაესობაა, გამოძიებასთან უნდა ითანაშრომლოს, მაგრამ მშობელი იყო ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში და თქვენ ეს იცოდით. ამის გარდა, თქვენ როგორც შემდგომში თქვენივე საჯარო განცხადებით დაადასტურეთ, იცოდით და შესაბამისი ვიდეო დეკემბერშივე იყო ამოღებული, რომ ეს ადამიანი, მშობელი, რომელიც ყოყმანობდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, კანონმორჩილად თუ სხვანაირად და რჩევისთვის მიმართა ქალაქის პროკურორს, იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც მოხდა შესაძლო დანაშაულის მტკიცებულების განადგურება. თენგის კანალდიამ და მისი შვილმა ჩვენება მისცეს საქმეზე, რომელშიც მათ ბრალი წარედგინათ მტკიცებულებების დაფარვისთვის და მათთან იმყოფებოდა ბატონი სუბელიანი. ამის მიუხედავად, თქვენ ახლაც მეტყვით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ არ მიეცით მითითება თქვენს ხელქვეითებს, სუბელიანი დაეკითხათ? სწორი გადაწყვეტილება იყო ეს?

ირაკლი შოთაძე: მე მივეცი შაყულაშვილს დავალება, მირზა სუბელიანის შვილის როლის გასარკვევად ჩატარებულიყო ყველა საგამოძიებო მოქმედება

გიგა ბოკერია: არ მიკითხავს ეგ, მე გკითხეთ, მირზა სუბელიანის დაკითხვის დავალება მიეცით თუ არა, სპეფიციურად, მიპასუხეთ, კი თუ არა. 

ირაკლი შოთაძე: მე გითხარით, რისი მითითებაც მივეცი, ამავდროულად რა შედეგიც მოჰყვა, მირზა სუბელიანი იყო არასრულწლოვანი შვილის წარმომადგენელი, დაესწრო მის დაკითხვას და ითანამშრომლა გამოძიებასთან. 

გიგა ბოკერია: არ მიკითხავს, რა შედეგი მოჰყვა. არ მიგიციათ სპეციფიური დავალება სუბელიანის დაკითხვაზე, არ მიგიციათ, ხო ასეა?

ირაკლი შოთაძე: რა დავალებაც მივეცი მიხეილ შაყულაშვილს, მოიცავდა ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. მირზა სუბელიანი იყო არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი ამ სისხლის სამართლის საქმეზე და დაესწრო მისი შვილის დაკითხვას, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან 

გიგა ბოკერია: ანუ მისი შვილის დაკითხვის დავალება არ მიგიციათ. 

ირაკლი შოთაძე: არ ვიცი, მე პასუხი გაგეცით. აქ გაურკვეველი რა არის, მე არ მესმის

გიგა ბოკერია: აი ახლა დავფიქრდი, რომ ხო, მივეცი დავალება სუბელიანის დაკითხვაზე, ეს არ გინდათ, რომ თქვათ. 

სწორად და დროულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ სუბელიანი თანამდებობიდან გადადგა 4 დეკემბერს, ეს სწორი იყო გამოძიებისთვის?

ირაკლი შოთაძე: მირზა სუბელიანმა მოგვმართა გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე. არ ვაპირებ შეფასებას, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, ეს არის ადამიანური გადაწყვეტილება და თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილას, მეც მივიღებდი მსგავს გადაწყვეტილებას, რათა პროკურატურა ამერიდებინა შესაბამისი ზიანისაგან

გიგა ბოკერია: ანუ სწორი გადაწყვეტილება იყო, დროული. მაშინ რატომ უთხარით სუბელიანს, არ უნდა გადამდგარიყო.​. სუბელიანმა ჩვენ გვითხრა, ასე მითხრაო, არ უნდა გადადგე, არ იყო საჭიროო

ირაკლი შოთაძე: კი ბატონო, ვუთხარი მე ეს. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და ვალდებულება მქონდა, ჩემი თანამშრომლები დამეცვა. შესაბამისად, მე მიმაჩნდა, რომ სუბელიანის გადაგომის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. 

კომენტარები