პარლამენტის საგამოძიებო კომისია

წულუკიანი კომისიაზე: რეფორმებზე სასაუბროდ მოვედი და ორი უცნაური კითხვა მოვისმინე

პარლამენტი

იუსტიციის მინისტრის თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ის სისხლის სამართლის მიმართულებით ჩატარებულ რეფორმებზე სასაუბროდ მოვიდა, თუმცა რამდენიმე უცნაური კითხვა მოისმინა. 

თეა წულუკიანის გამოკითხვა ხორავას ქუჩის საქმეზე მომუშავე კომისიის სხდომაზე 5 წუთზე ნაკლებს გაგრძელდა. 

"იყო 2 თუ 3 უმოკლესი კითხვა. კვლავ ვეთანხმები თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო და მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვეთანხმები დღესაც, რომ არ უნდა გადამდგარიყო. მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. იმედი მაქვს, ეს არ მიანიშნებს, რომ კომისიას არ აქვს სურვილი, სიღრმისეულად განიხილოს, რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის სამინისტროს. მე ამას ალბათ ამით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს არ სურდა, ჩემგან მოესმინა ის ძალიან დიდი პოზიტივი იმ სისხლის სამართლის რეფორმებზე, რაც ჩვენ 6 წლის მანძილზე გავატარეთ. 

მე სტატისტიკით მოვედი, რომ მათთვის მეთქვა, რომ რადგან ბავშვების სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე, ჩვენ გავატარეთ რეფორმები, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი შემოვიღეთ. 2011 წელს 190 პატარა ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს არის 32 არასრულწლოვანი მხოლოდ და რომ მათი უფლებები არის დაცული", - თქვა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრმა თავად კომისიის შესახებაც ისაუბრა და მას "ხელისუფლებებს შორის ბალანსის აღრევა უწოდა". 

"ის ფაქტი, რომ დღეს ეს საგამოძიებო კომისია არსებობს და მუშაობს, ნიშნავს იმას, რომ ჩემ მიერ და მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ, გამომძიებელი, პროკურორი და ვერც ესენი, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში. მე ვულოცავ ამას საქართველოს ბავშვებს. ამაზე მინდოდა მესაუბრა, მინდოდა მესაუბრა, რომ როდესაც ბავშვი არის მოკლული და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დადუნაშვილის დედას და მამას და სარალიძის დედას, რომელიც არ ჩნდება და მამას, და ვეტყვი, რომ პროკურატურა, სასამართლო და გამოძიება, მე რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ, ასე იყო, იყო ბოლომდე სიმართლის მხარეს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოში მიმდინარე დავაზე იმსჯელონ, მე ვფიქრობ, რომ არეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი, დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ძალიან დიდი პატივისცემით მოვედი კომისიის სხდომაზე და მოვისმინე ორი აბსოლუტურად ჩემთვის უცნაური შეკითხვა", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

ხორავას ქუჩაზე დეკემბერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საპარლამენტო კომისიამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმინა. 

შესვენების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოსმენა დაიწყო, თუმცა ევროპული საქართველოს წევრებმა წულუკიანს რამდენიმე მოკლე კითხვა დაუსვეს და თქვეს, რომ მასთან სხვა კითხვები არ აქვთ. წულუკიანისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ ქართული ოცნების წევრებს. 

კომენტარები