პარლამენტის საგამოძიებო კომისია

ინაშვილი ბოკერიას: ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული

პარლამენტი

ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ევროპულ სასამართლოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მორალური უფლება არ ჰქოდნათ.პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გიგა ბოკერიასაც დაემუქრა "მატროსოვზე წაბრძანებით".  

"მორალურ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა თქვენ იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არაერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით რო მიყურებს აქ. ძალიან კარგი, კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული და გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280 ათასზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენი საქმის აღძვრის და გამოძიების დაწყების და თქვენი დაპატიმრების მოთხოვნით და სულ ტყუილად იღიმებით აქ.  

ბატონო ანრი და ქართული ოცნების წარმომადგენლებო, ჩვენო კოლეგებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის, ვერ ხვდებით? კომისია რომ შექმენით ჯერ მაშინ დაარღვიეთ რეგლამენტი - ეს ერთი, იმიტომ რომ ჩვენ მეტი წევრი გვეკუთვნოდა სხვათა შორის ამ კომისიაში, მაგრამ თქვენი კუთვნილი კვოტები ქართულმა ოცნებამ აჩუქეთ ბატონ ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფს. ძალიან მაინტერესებს, რატომ ერთი? მეორე - ასეთი კომისია რომ იქმნება, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც კომისიაში უმრავლესობაა, რომ გამოძიება წაიყვანოს. სამარცხვინო მდგომარეობაა დღეს ამ პარლამენტში, რა მაგალითს აჩვენებთ მომავალ თაობას? მე, ბატონო გიგა, მაშინ დავამთავრებ გამოსვლას და საზეიმო ნოტაზე თქვენ რომ წაბრძანდებით მატროსოვზე, აი მაშინ და გააგრძელებს ეს ქვეყანა ბედნიერ და თავისუფალ ცხოვრებას და გპირდებით დღეს, რომ ეს მოხდება, ძალიან მალე სხვათა შორის, დანარჩენებიც მოგყვებიან კიდე', - თქვა ინაშვილმა. 

"პატრიოტთა ალიანსი" ხელმოწერებს აგროვებს, რათა, "ნაციონალური მოძრაობა გამოცხადდეს სააკაშვილი-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმად". ამ მიზნით მათ მოქალაქეებთან მოკლე-ტექსტური შეტყობინებებიც დააგზავნეს. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ. 

კომენტარები