პარლამენტის საგამოძიებო კომისია

თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე: რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს. თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს და სასამართლოს დაიცავს.

"ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში, ამ საკითხებს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება, სხვადასხვა დროს არის დაინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება დააინიცირა, ეს დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას:

  1. ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაციას და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას.
  2. მათ სურთ, შური იძიონ იმ სასამართლოზე და იმ მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა.
  3. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ.

სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება [...] შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ". - თქვა თალაკვაძემ.

სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო სამჯერ ჩავარდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

კომენტარები