სავალდებულო სამხედრო სამსახური

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში ჩხუბის შედეგად 3 სამხედრო ცივი იარაღით არის დაჭრილი

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1-ლ აგვისტოს, საღამოს საათებში ინციდენტი მოხდა.

უწყების ცნობით, სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა.

რუსთავი 2-თან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა თქვა, რომ დანა, რომლითაც სამხედროები არიან დაჭრილები, მათ სამხედრო აღჭურვილობაში არ უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს, საიდან ჰქონდათ სამხედროებს ცივი იარაღი.

ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა:

  • საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი;
  • დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები;
  • საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; 
  • გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები