ე.წ ციანიდის საქმე

უზენაესმა სასამართლომ ე.წ ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო

რადიო ფორტუნა

უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე, ე.წ ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს მიერ მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ავრცელებს. საქმის გასაჩივრებას ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ. 

"უზენაესმა სასამართლომ 5 თვიანი ფიქრის შემდგომ გადაწყვიტა წარმოებაში არ მიეღო ე.წ. ციანიდის საქმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმე! მოკლედ იმ ხარისხის დამოუკიდებლობა და გამბედაობაც არ აღმოაჩნდა უზენაეს სასამართლოს, უბრალოდ წარმოებაში–განხილვაში მიეღო საქმე და ჩვენთვის მოესმინა... ამ გადაწყვეტილებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს კი არა, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი ამ ე.წ "მართლმსაჯულებამ"! რადგან დეკანოზი მამალაძე და მისი გუნდი გპირდებით ქართული მართლმსაჯულება და მათი დამკვეთი პოლიტიკური და სასულიერო პირები მიღებენ ძალიან მწარე სილას სახეში სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტლებით! ისეთ მკაცრს, როგორიც ქართულ მართლმსაჯულებას არასოდეს მიუღია." - წერს გიორგი ფანცულაია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

კომენტარები