ნარკოპოლიტიკა

ზოიძე: მარიხუანა მინიმუმ იქ არ უნდა იყოს დასაშვები, სადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის საკონსტიტუციო სარჩელზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მარიხუანას მოხმარება ან ბიოლოგიურ მასალაში მისი აღმოჩენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის მიუხედავად, მისი გასაღება და ფლობა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გამომშრალი სახით 70 გრამზე მეტის ფლობა, ხოლო ნედლი სახით 100 გრამზე მეტის ფლობა პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო გასაღება კი რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, გასაღებად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება თუ ის უსასყიდლოდაც ხდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარ განცხადებაში მიუთითა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მარიხუანას მოხმარების აკრძალვა დასაშვებია. მაგალითად, როდესაც ეს ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ასე შემდეგ. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, შედეგად მარიხუანას მოხმარება არცერთი საკანონმდებლო ნორმით არ იზღუდება. 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს ვესაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ წარმოუდგენია მას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ზოიძის თქმით, მარიხუანას მოხმარება მინიმუმ იქ არ იქნება დასაშვები, სადაც თამბაქოს მოხმარებაა აკრძალული. 

"თამბაქოს კონტროლის კანონის ანალოგიურად, მარიხუანას მოხმარება არ უნდა იყოს თავშეყრის ადგილებში დაშვებული. ანუ მინიმუმ იმ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს მოხმარება შესაძლებელი, რაც ამ კანონითაა განსაზღვრული. ხოლო დამატებით უნდა გავრცელდეს იმ ადგილებზე, სადაც ბავშვები შეიძლება შეიკრიბონ. 

ვაფიქსირებ, რომ ვარ მკაცრი რეგლამენტაციის მომხრე, რომ გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებს სამსახურში მარიხუანას მოხმარება აეკრძალოთ. საუბარია საპასუხისმგებლო და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროფესიებზე. მაგალითად, მძღოლებს, მემანქანეებს, ექიმებს, ამას გარდა პედაგოგეგბს, მოსამართლეებს, ადვოკატებს და სხვებს შეეხოს მკაცრი რეგულაციები. ასევე უნდა იყოს დამამძიმებელი გარემოება, თუ ავტომობილის მართვის დროს ხდება მოხმარება.

ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მარიხუანას რეკლამირება და სპონსორობა უნდა იყოს აკრძალული. 

არასრულწლოვნებთან მიმართებით კი მკაცრი ნორმების მიღებას ვუჭერ მხარს. მკაცრად უნდა დაისაჯოს ამ მხრივ არასრულწლოვანთა წახალისება,"- ამბობს ზოიძე.

პარლამენტმა ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ სავარაუდოდ, სასემოდგომო სესიაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

კომენტარები