კრიმინალი

შსს: ოზურგეთში მამამ შვილი დაჭრა, ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1954 წელს დაბადებული ა.ბ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, საკუთარი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - 1978 წელს დაბადებულ გ.ბ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან 1 საათში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები