ბიძინა ივანიშვილი

ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული, პატრიოტი, სასარგებლო - ოცნების დეპუტატები ივანიშვილზე

Ipress.ge

ყოფილი პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან. დეპუტატები ძირითადად აქცენტს ივანიშვილის ქველმოქმედებასა და ქვეყნის მიმართ მის უანგარო სიყვარულზე აკეთებენ. 

"საქართველოზე უზომოდ და უანგაროდ შეყვარებული, პატრიოტი, საზოგადოების ინტერესებზე მზრუნველი, დამაკავშირებელი ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ეროვნული მნიშვნელობის საქმეების გამკეთებელი, ახლის აშენებაზე და არა მოგებაზე ორიენტირებული, მოქალქეებზე მზრუნველი, მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ საჭიროებებზე" - ასე ახასიათებენ ოცნების დეპუტატები ივანიშვილს.

ანრი ოხანაშვილი:

ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს განვითარების სწორი ხედვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ეფუძნება. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ბიძინა არის დამაკავშირებელი ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ, მის მთავარ ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა შეხსენება გუნდისთვის, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოების გამოწვევების გადაჭრაზე ზრუნვით უნდა ხდებოდეს.

აკაკი ზოიძე:

წესით არავის არ უნდა დარჩეს კითხვა რა "იმალება" ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო ქველმოქმედების და ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეების მიღმა. პასუხი მარტივია, მაგრამ ბევრისთვის წარმოუდგენელი - ამ ქვეყნის უანგარო სიყვარული.

დავით მათიკაშვილი:

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აუდიტორიას წარმოუდგინა ხედვა, რომელიც გაჯერებულია მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნებით და პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული გათვლებით და რაც, ყველაზე მთავარია, სრულიად საქართველომ მოუსმინა საკუთარ სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ლიდერს, რომელმაც, სულ რაღაც ექვსიოდე წლის წინ საკუთარი სიცოცხლის რისკით ფასადაც კი, თანამებრძოლებთან ერთად გამოგლიჯა საქართველო სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს.

ზაზა გაბუნია:

ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის სასარგებლო იყო მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში. თაობები კიდევ დიდხანს იამაყებენ მისი საერთო ეროვნული მნიშვნელობის საქმეებით. ის სასარგებლოა ქართული პოლიტიკისთვის პროცესში შემოსვლისთანავე. "არავინ არ იფიქროს რომ ვინმეს რამეს ვამადლი - ეს ჩემი ქვეყანაა" - ეს არის მთავარი სიტყვები, რაც ზედმიწევნით კარგად ახასიათებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს ქვეყნის წინაშე.

არჩილ თალაკვაძე:

გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდა ოპოზიცია მიწისქვეშა პარკინგებზე - თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ აქტივების ყიდვა შეღავათიან ფასად. როდესაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით და 1 ლარად შესთავაზა კომპანიებს ეს პროექტები - კრიტიკოსები სადღაც გაუჩინარდნენ, არცერთი მათგანი არ გამოხმაურებია პროექტს და არც კერძო კომპანიები დაინტერესებულან. იცით რატომ? იმიტომ რომ, ეს პროექტები გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს და მას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ დააფინანსებს, რომლისთვისაც მოგებაზე მეტად, ახლის აშენება არის მთავარი - ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი.

მამუკა მდინარაძე:

ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ.

ილია წულაია:

გუშინდელი ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებაში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები, სჭირდება ძლიერი, მობილური მთავრობა და სწორად დაგეგმილი ეკონომიკური განვითარება. ივანიშვილის ჩადგომა პარტიის სათავეში ამის მოლოდინს აჩენს მოსახლეობაში და წარმატებას ვუსურვებ მას და მთელს ჩვენს გუნდს ამ გამოწვევების დაძლევაში.

ვანო ზარდიაშვილი:

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას. არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა რომ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას.

კომენტარები