ახალი მთავარი პროკურორი

თადუმაძე: ქვეყანაში ორი მილიარდერია და ორივეს ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი

შალვა თადუმაძის თქმით, ქვეყანაში ორი მილიარდერია და ორივეს თავისი დიპლომით ემსახურებოდა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ენძელა მაჭავარიანის კითხვის პასუხად თქვა, რომელიც თადუმაძის დიპლომით დაინტერესდა. 

"როცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია, გენერალური პროკურორი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ განათლებას. მხოლოდ ამ პროფესიას უწერია მოთხოვნა, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი. 

მე პირადად თქვენ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის პრემიერმინისტრად, უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, ნდობას როგორ ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ, მაგრამ მე მინდა მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ. თქვენი დიპლომი - იმ დროისთვის ამ უნივერსიტეტის დამთავრება რამ გამოიწვია. მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ იყოს და ამ მხრივაც არ ვითხოვდეთ საზოგადოებისგან შეღავათებს, ეგებ ამაზე უფრო მეტად ვისაუბროთ", - თქვა ენძელა მაჭავარიანმა. 

თადუმაძის თქმით: 

"ექვსი წლის წინ ვიყავი ადვოკატი, ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ორი მოწვევის პარლამენტთან ვმუშაობდი. შემდეგ ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ამდენად საფრთხე თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემაა - როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან და ჩემი სამსახური დადებითად ფასდება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებაზე და დიპლომზე საუბარს, რომ არა ქალბატონი ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მე, 1994-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, იმიტომ რომ დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, რამდენად შესძლო განათლებამიღებულმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ცხოვრობდა ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ 6 წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები. 17 წლის განმავლობაში ბოლო ორი დღეა, როცა უმუშევარი ვარ“, - თქვა თადუმაძემ ენძელა მაჭავარიანის პასუხად. 

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

კომენტარები