დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ექსპერტებს კითხავენ, დაიხურა

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა დაიხურა. დღევანდელ სხდომაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს კითხავენ. სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტების დაკითხვისას საქმის ისეთ დეტალებზე დაიწყეს საუბარი, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა მძიმე მოსასმენი იყოს.

"საერთოდ არ მიფიქრია დახურვაზე, სანამ აქ შემოვიდოდი. მაგრამ ახლა გადავდივართ ისეთ, თემებზე, რომელბზეც მეც მაინტერესებს, რომ თავისუფლად ვილაპარაკო და მემგონია ჯობია დავხუროთ რომ არ დავაკვირდეთ ყველა სიტყვას." - თქვა მამუკა მდინარეძემ.

"მეც იგივე ვამბობდი, უბრალოდ საჯააროობის თვალსაზრისით რაღაც ნაწილი, შეჯამება მაინც საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი." - თქვე ელენე ხოშტარიამ.

ამის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა დახურული და პირდაპირ ეთერში მხოლოდ სხდომის შემაჯამებელი ნაწილი გავა. 

კომისიამ უკვე გამოკითხა საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი, ასევე დაღუპულების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლები, სკოლების დირექტორები და ორი თვითმხილველი მოზარდი. ასევე დახურულ ფორმატში გაესაუბრა 51-ე სკოლის მოსწავლეებს და მანდატურებს.

დაგეგმილია მაღალი თანამდებობის მოქმედი და ყოფილი პირების გამოკითხვაც, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის. 

ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1-ლ დეკემბერს იჩხუბეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. კომისიის სხდომებზე გაირკვა, რომ ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ ერთი არასრულწლოვანი. 

კომენტარები