დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხოშტარია: როცა შსს-ს თანამშრომლებს არ აქვთ პასუხები, ოცნების წევრები სხდომის ჩაშლას იწყებენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, კომისიის სხდომაზე როცა შსს-ს წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხები არ აქვთ უმრავლესობის წევრები კომისიის მუშაობის ჩაშლას ცდილობენ. ხოშტარია ამბობს, რომ უმრავლესობის წევრებს რეალურად არ უნდათ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა.

"სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება რომ შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად, დღეს როგორც გამოჩნდა - არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში ქალბატონი ეკა ბესელია და ქართული ოცნების ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში, ცდილობენ რაღაც არარსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით: პირველი ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და მეორე - ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების და პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ცხადია, ეს ავლენს ქართული ოცნების მოტივაციას, რომ მათ რეალურად არ უნდათ სიმართლის დადგენა. თუმცა პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის საშუალება. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც მნიშვნელოვანია.“, - ამბობს ხოშტარია.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, უმრავლესობის წევრების უკმაყოფილება, რამდენჯერმე, ევროპული საქართველოს წევრების მხრიდან შსს-ს წარმომადგენლებისათვის დასმულმა დამაზუსტებელმა კითხვებმა გამოიწვია. 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხდომაზე თბილისის პოლიციის უფროსის შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენდნენ. დღესვე დაგეგმილია მოუსმინონ, 51-ე სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს, ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეს თინათინ ყენიას და 1-ლი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს. 

კომენტარები