რეჯეფ თაიფ ერდოღანი

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი 9 ივლისს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 

ანკარის აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვავასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან.

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 20 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აპრილში ერდოღანმა თარიღი გადმოწია.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგად ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად დიდი ძალაუფლება ექნება.

კომენტარები