სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





