სამთავრობო ცვლილებები

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

http://www.postalioni.com/

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს.

აჭარის მთავრობაში საგანგებო ბრიფინგი დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო და არსებული ინფორმაციით, 15:00 საათზე ბრიფინგს თავად პატარაძე გამართავს.

"ბათუმელების" ინფორმაციით, გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ზურაბ პატარაძისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. გამოცემა წერს, რომ კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა.

პატარაძესთან დაკავშირებით კონსულტაციებს ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

"კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. გთხოვთ, ცოტა ხანი დაელოდოთ, დღის მეორე ნახევარში ახალი ინფორმაცია უკვე ოფიციალურად თავად აჭარის მთავრობის მხრიდან გახდება ცნობილი. მოგვიანებით გავაკეთებთ შეფასებებს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პატარიძის შემცვლელად 4 ადამიანი განიხილება: ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი - თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე,  აჭარის ჯანდაცვის მინისტრი- ზაალ მიქელაძე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნაკაშიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მუშაობდა პროკურატურაში და იყო უზენაესი საბჭოს წევრი, ასევე, ბოლო 17 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და აქვს ორმაგი მოქალაქეობა - საქართველოს და რუსეთის.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც არჩილ ხაბაძე გადადგა. ის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად განიხილება.

კანონმდებლობის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცვლილებასთან ერთად, უფლებამოსილება უწყდება მთავრობის მთელ შემადგენლობას. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები