სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ოცნების დეპუტატები: გ.მ-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყების რეკომენდაცია არასწორია

მეორე არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები გასაცემ რეკომენდაციებზე მსჯელობენ. 

ევროპულ საქართველოს, რომელიც კომისიის უმრავლესობას წარმოადგენს, ორი რეკომენდაცია აქვს: კონფლიქტში მონაწილე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყება.

რეკომენდაციას, 1-ლ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, ქართული ოცნების წევრები არ ეთანხმებიან. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შსს გამოძიებას უკვე აწარმოებს და ეს რეკომენდაცია ევროპული საქართველოს მხრიდან ღია კარის მტვრევაა, მამუკა მდინარაძის თქმით, კი საქმეზე ხელახლა გამოძიების დაწყება შესაძლებელია, თუმცა მას რეკომენდაცია არ უდნა დაერქვას. 

ქართული ოცნების წევრებისვე თქმით, რეკომენდაციების გაცემა კომისიის მუშაობის შუა პერიოდში არასწორია და მათი შემუშავება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ის მუშაობას დაასრულებს. 

მამუკა მდინარაძე: "მე თქვენს რეკომენდაციას საჯაროდ დავეხმარე გუშინ და გუშინწინ სხვადასხვა ინტერვიუში. საქმე შეეხება შინაარსს. მაგრამ საქმე შეეხება შინაარსს. თქვენ არ ხართ კმაყოფილი ინტენსივობით,  მე გეთანხმებით, რომ გაცილებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა ამ მიმართულებით, აქაც გეთანხმებით, ამიტომ, რადგან ესეთი პრინციპული ამბავია, რომ ცალკე წარმოებად იყოს გამოყოფილი, ცალკე ნომერი ქონდეს, დაგეთანხმებით, რომ არ არის პრობლემა, ამან შესაძლებელია, კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს გამოძიება. მაგრამ იურიდიულად სწორად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. 

მუშაობს ყოველთვის სპეციალური ნორმა, რეგლამენტის 64-ე ნორმის მე-11 ნაწილი. მასში პირდაპირ არის მითითებული გამოძიების დაწყების საკითხი. ამიტომ, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ გამოძიების დაწყებაზე, ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ ნორმით, ამას არ უნდა დავარქვათ რეკომენდაცია და თვითშეზღუდვა არ უნდა დავიწესოთ, რომ მაინცდამაინც გავიტანოთ პლენარულზე. ნუ მოვკლავთ კომისიის უფლებამოსულებას, თუ გვინდა გამოვიყენოთ უფლებამოსილება. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, მაგრამ არა ისე, რომ საკითხის დასმის უფლებამოსილებას დავარქვათ რეკომენდაცია, რომელიც, კი ბატონო, უნდა გავიდეს პლენარულზე". 

არჩილ თალაკვაძე: "თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში იმას, რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდა გ.მ.-ს დაჭრის შესახებ და ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთა და დღეს აუცილებელია ცალკე გამოიყოს ეს საქმეო. 

ფაქტობრივად გეტყვით ახლა საქმეში რა არის. ფაქტობრივად ჩანს, რომ სასამართლოში, 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის გ.მ-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საქმეა. შესაბამისად, ის, რომ გამოძიება არ დაინტერესდა თავიდანვე, არ არის სწორი.

გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლო გადაწყვეტილების დროს და შემდეგ. შესაბამისად, მანამდე ამაზე მეტი, რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება, ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საკითხი დღესაც, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც ერთი საქმის ფარგლებში სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს რამე შეზღუდვას, რომ ერთსა და იმავე, ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტებზე მიმდინარეობდეს გამოძიება. 

შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მგონია, რომ ჰგავს ღია კარის მტვრევას. თუ ჩვენი მიზანია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს, შსს უკვე აწარმოებს გამოძიებას, მით უმეტეს იმ მოცემულობით, რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო სასამართლოს შემდეგ წარმოდგენილი".

თუმცა, ევროპული საქართველოს წევრების განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა 18 დეკემბერს გახდა ცნობილი, შესაბამისად, საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭება შესაძლებელი იყო. 

"საქმე არ გამოიძიეს და რასაც თქვენ ამბობთ, არის დემაგოგია", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

სერგო რატიანმა კი ქართული ოცნების წევრებს უთხრა, რომ ისინი შსს-ს და პროკურატურას ხელს აფარებენ. 

სერგო რატიანი: "გ.მ არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია დავით სარალიძესთან, რომელიც იყო ფარდულში ინციდენტის დაწყებიდან დასრულებამდე და მის ტანსაცმელზე არის დავით სარალიძის სისხლი. ხოლო ის, ვინც გ.მ დაჭრა, ხედავს ყველაფერს. ის, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა და ხელი გადააფარა ამ ფაქტს, ნიშნავს იმას, რომ არასწორი მიმართულებით წავიდა. გამოძიება არ დაინტერესდა იმ ადამიანებით, რომელიც უშუალოდ უყურებს მთელს იმ ამბავს, რაც ფარდულში ხდება. შესაბამისად, რეკომენდაცია ეხება არა მხოლოდ იმას, რომ გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, არამედ ეხება იმას, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა“. 

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისია დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ წარმომადგენელს და ზვიად კუპრავას მოუსმენს, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებდა.

კომენტარები