ეკონომიკური ზრდა

მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%-ს მიაღწია

საიმონ დოუსონი / Bloomberg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა. საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში ზრდამ 6.1% შეადგინა, ეს მთავრობის მიერ საპროგნოზოდ აღებულ 4.5%-იან ზრდას 1.6%-ით აღემატება.

თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 4.4%
  • თებერვალი - 5.5%
  • მარტი - 5.6%
  • აპრილი - 6.5%
  • მაისი - 7.5%
  • საშუალო - 6.1%

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 17.6%-იანმა ზრდამ. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის კონრეტულ სექტორებში არსებულ ზრდებს განცალკევებულად არ ასახავს.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

 

კომენტარები