ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

საია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურამ დევნა დაიწყო

www.cbc.ca

პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელმაც პოლიციას ყოფილი ქმრის მიერ ძალადობისაგან დაცვის მიზნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობითვე, თამარ ბეკარაშვილმა პოლიციას 2018 წლის თებერვალში აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე ქმარი დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 2018 წლის ივნისში კი პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კი ქმარზე ძალადობასა და ცრუ დასმენას ედავება.

"პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა არის დაუსაბუთებელი, კანონთან შეუსაბამო და იწვევს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას.

"ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის შეეთავაზებინა დაცვის ეფექტური მექანიზმები, რეპრესიული ღონისძიებები გამოიყენა რეალური მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული მიდგომა არსებითად ლახავს არა მხოლოდ თამარ ბეკარაშვილის ინტერესებს, არამედ მსგავსი პრაქტიკა უარყოფითად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მსხვერპლ ქალებს გაუღრმავებს დაუცველობის განცდას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

თამარ ბეკარაშვილის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე საია იცავს.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები