სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გამომძიებელი: ხორავას ქუჩაზე ფარდული ადგილობრივებმა ჩვენგან დამოუკიდებლად დაშალეს

გამომძიებელ კახა სირაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩის N4-ში, ფარდული, სადაც არასრულწლოვნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დამოუკიდებლად დაშალა. შსს-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ფარდულის დემონტაჟის შესახებ ბრძანება არ გაუციათ.

ამის შესახებ კახა სირაძემ დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატმა ოთარ კახიძემ მას ჰკითხა, რატომ არ დალუქა გამოძიებამ ფარდული და რატომ მოხდა მისი დემონტაჟი.

შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფარდულის დაშლის მომენტისთვის გამოძიებას ის შესწავლილი ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დემონტაჟის ბრძანება მათ არ გაუციათ.

მისივე ინფორმაციით, ფარდულის დათვალიერების შემდეგ ამოიღეს ყველა ნივთმტკიცება, გადაიღეს 400-მდე სურათი, ადგილზე მიიყვანეს მოწმეები და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო საყოველთაო სარგებლობის ფართი და მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი, რის გამოც მოსახლეობა წუხდებოდა და დანგრევას მოსწავლეების დაპირისპირებამდეც აპირებდნენ. ფარდულში რამდენიმე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის მოწმეთა გაყვანა შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი და გამოძიების მიერ ამოიწურა ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, დემონტაჟის რაიმე ბრძანება ან განკარგულება არ გაცემულა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა", - განაცხადა კახა სირაძემ.

გამომძიებელი ასევე აღნიშნავს, რომ მოსწავლეების დაპირისპირების ადგილი იყო არამხოლოდ ფარდული, არამედ მთლიანად ეზო და ინციდენტის მონაწილეები მხოლოდ ფარდულში არ იყვნენ.

თუმცა კახა სირაძემ დაადასტურა, რომ სასიკვდილო ჭრილობები დავით სარალიძეს სწორედ ფარდულში მიაყენეს.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები