ცხენის ხორცი

ცხენის ხორცის რეალიზაცია - ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის 6 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ექვსი ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით, ერთერთი ინდ. მეწარმე თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში სუჯუკის წარმოებისას ცხენის ხორცს იყენებდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება." - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები