შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნილია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს. გამოძიებამ დაადგინა,რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა. გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
მწერალმა ზურა აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელშიდ დაწერა, რომ მას ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. მისივე თქმით, ამის შემდეგ პოლიციაში მომხდარის შესახებ განცხადების დასაწერად წავიდა, თუმცა შსს-ის თანამშრომლები არ დაეხმარნენ.